ანტისტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“ იწყებს ონლაინ ვიქტორინას, რომლის მიზანია, ინტერნეტის მომხმარებლებმა თავად შეაფასონ აქვთ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტიგმები თუ ცრურწმენები, უპასუხონ შეკითხვებს და სწორი პასუხების შემთხვევაში მიიღონ სხვადასხვა პრიზები, რომლებიც დააწესა კამპანიის პარტნიორმა რესტორნების ქსელმა „მაკდონალდს“-მა. 2017 წელს „მაკდონალდს საქართველო“ ევროკავშირმა შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა. კომპანია ახლაც ასაქმებს შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს. მაკდონალდსი კამპანიას შემოუერთდა და მხარს უჭერს შშმ ადამიანებზე ცნობიერების ამაღლებას და მათ სოციალურ ინტეგრაციას.

გაეროს ბავშვთა ფონდის კამპანია „დაინახე ყველაფერი“ მიმართულია შშმ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმების შემცირებისკენ. ცნობიერების ამაღლების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის ჩართულობას და გაეროს ბავშვთა ფონდი ხელს უწყობს ამ პროცესს.

ონლაინ ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ორი კვირის განმავლობაში. ყოველდღიურად გამოვლინდება 4 გამარჯვებული, რომელიც პირველი გასცემს სწორ პასუხს შეკითხვებზე.